საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა ზოგიერთი მედია ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში. „მას წარმოაჩენენ სიმართლისათვის დევნილად, კორუფციასთან მებრძოლად და ამ მიზეზით დასჯილად. საპატრიარქოს კი – დამნაშავეთა დამფარველად და უსამართლობის ხელშემწყობად“.
საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ ამგვარი ინფორმაციის გავრცელების მიზანია ეკლესიის და სასულიერო დასის დისკრედიტაცია, ასევე, დეკანოზის შეწყალების მისაღწევად გარკვეული ზემოქმედების მოხდენა პრეზიდენტსა და საზოგადოებაზე.
„საპატრიარქოს „ციანიდის“ საქმესთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დღემდე არ დაუფიქსირებია ორი მიზეზის გამო: არ იცნობს გამოძიების მასალებს და ამასთან, თავს იკავებს განცხადებებისაგან, რომ ნებსით თუ უნებლიედ, დამატებითი ზიანი არ მიეყენოს დაკავებულს. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ, ფაქტობრივად, სამი ინსტანციის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ჩვენ ვერ შევაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ მხარეს, მაგრამ შევნიშნავთ, რომ, სამწუხაროდ, როგორც დეკანოზი გიორგი მამალაძე, ისე მისი ინტერესების დამცველები მედიასთან ურთიერთობაში სიცრუეს მუდმივად იყენებენ და ხალხი შეცდომაში შეჰყავთ.
სიცრუეა ისიც, თითქოს საქართველოს საპატრიარქოში მილიონობით თანხებზე ხდება კორუფციული გარიგებები და რომ დეკანოზი ამის მხილებას შეეწირა. საერთოდ, ეკლესია არავისი დაპატიმრების მოსურნე არ არის; ამისთვის იმ ადამიანებსაც არ იმეტებს, რომელთაც მორალურად, თუ მატერიალურად სერიოზული ზიანი მიაყენეს მას. რატომ იქნება იგი მამალაძის დაჭერის მომხრე, ან რატომ არ დაიცავს მას, თუ ამის საფუძველი მიეცემა?!“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს. 9 აგვისტოს მსჯავრდებულის ადვოკატებმა პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.